“მუსიკა ბათუმიდან” ისევ აჟღერდა

ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება მიმდინარეობს – საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“. იგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით წელს მეორედ იმართება.

ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება მიმდინარეობს – საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“. იგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით წელს მეორედ იმართება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფესტივალს გვერდით უდგას კერძო სექტორის არაერთი წარმომადგენელი.

რადიოფესტივალი ღია ცის ქვეშ ტარდება, ნაწარმოებები ცოცხლად სრულდება და აჭარის რადიოს მეშვეობით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მისი მოსმენა შესაძლებელია მთაშიც და ბარშიც. დღის განმავლობაში ორ-ორი მონაწილე გამოდის (ან ჯგუფი ან ინდივიდუალური შემსრულებელი).

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა, პროექტის ავტორებმა და წამყვანებმა თეონა ზედანიამ და ილია შავიშვილმა გვითხრეს, ფესტივალი საავტორო მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამავდროულად, ავტორ-შემსრულებლების მხარდასაჭერად იმართება.

– ჩვენი ფესტივალი ერთგვარი ხიდი გახდა სახელმწიფოსა და მუსიკოსებს შორის. მისი მთავარი მისია იყო, ამა თუ იმ ავტორს დაეწერა ახალი მუსიკა, ახალი ნაწარმოებები და ასეც მოხდა – წელს შარშანდელზე მეტი არჩევანი გვქონდა. შარშან ძნელი იყო ისეთი საავტორო მუსიკის ავტორების პოვნა, 40-წუთიან გამოსვლას რომ დააკმაყოფილებდნენ. ჩვენ სწორედ ამდენ ხანს ვუთმობთ თითოეულ ჯგუფსა თუ ინდივიდუალურ შემსრულებელს. წელს ფესტივალის ხათრით და მოტივაციით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ადგილი, სადაც ისინი დაუკრავენ საზოგადოებისთვის, გაჩნდა ახალი ალბომები. იმედი გვაქვს, მომავალში მონაწილეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბისაც გახდა, მასში შვედი ქართველი მომღერალი საბინა ჭანტურია ვამლინგი მონაწილეობს, – თქვა თეონა ზედანიამ.

ფესტივალი 17 აგვისტოს გაიხსნა და ხვალ დაიხურება. ყოველდღე, 19 საათსა და 30 წუთიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს შენობის წინ, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გამოდიან ავტორ-შემსრულებლები.

ფესტივალი მომღერალმა საბინა ჭანტურია ვამლინგმა გახსნა. მისი შემოქმედება ბრიტანულ და ამერიკულ რადიოსადგურებში ჟღერს, ამიერიდან კი აჭარის რადიოს ეთერიდანაც გაჟღერდება.

საბინა დაიბადა შვედეთში, 12 წლის იყო, როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა, მამა სოხუმიდანაა, დედა შვედია. ამბობს, რომ ორი სამშობლო აქვს – საქართველო და შვედეთი. ბინა ბათუმშიც აქვთ. საქართველოში საკმაოდ ხშირად ჩამოდის. ბავშვობიდან მღერის. აქ ყოფნის დროს გაიგო ფესტივალის შესახებ და მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

– უკვე დიდი ხანია მუსიკას ვწერ. რაც დღეს შევასრულე, ტექსტიც და მუსიკაც, ჩემია. ჩემი სიმღერები იუთუბზეც არის ატვირთული და რადიოარხებზეც გადაიცემა. მიხარია, რომ ახლა უკვე აჭარის რადიოშიც ჟღერდება, – გვითხრა საბინამ, რომელმაც სასიამოვნო ხმითა და შესრულებით მოხიბლა მსმენელი.

მეორე ნაწილი ჯგუფ „ლუქაროს“ დაეთმო ლუკა სებისკვერაძის (გიტარა სინთეზატორი), ნიკა გოგიაშვილის (გიტარა), ნოე ჭელიძის (ბას-გიტარა) და სანდრო ფოცხვერაშვილის (დრამი) შემადგენლობით.

– ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ილოსა და თეონას, განსაკუთრებით კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომ ასეთ კარგ პროექტს უჭერს მხარს. შედეგიც არ აყოვნებს – მსმენელთა რიცხვი მატულობს და ეს არა მხოლოდ ბათუმელები არიან. მიხარია, რომ ყველას მოსწონს ის, რასაც სთავაზობს მათ „მუსიკა ბათუმიდან“. ადგილიც კარგად არის შერჩეული – მემედ აბაშიძის ქუჩა ქალაქის გულია. ღონისძიების შინაარსიც ბათუმისთვის მომგებიანია. მუსიკა ყველას აერთიანებს და მით უმეტეს, როდესაც იგი კარგი და გემოვნებიანია, – გვითხრა მუსიკოსმა ნატალია ორაგველიძემ.

ეს ფესტივალი საავტორო მუსიკის დღესასწაულია. ცოცხალი შესრულება დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქნით, ისმენთ ახალს, განსხვავებულს და ეს ემოცია დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ თან.