როგორ მოხიბლა ,,მუსიკამ ბათუმიდან” მსმენელი

ხუთი დღე მიმდინარეობდა საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი სახელწოდებით „მუსიკა ბათუმიდან“, რომელმაც სასიამოვნო წუთები აჩუქა ყველას, ვინც შეძლო თუნდაც ერთი საღამოს გატარება ამ ღონისძიებაში მონაწილეებთან ერთად.

ხუთი დღე მიმდინარეობდა საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი სახელწოდებით „მუსიკა ბათუმიდან“, რომელმაც სასიამოვნო წუთები აჩუქა ყველას, ვინც შეძლო თუნდაც ერთი საღამოს გატარება ამ ღონისძიებაში მონაწილეებთან ერთად.

საღამოები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს წინ, სახელდახელოდ ლამაზად გაფორმებულ სცენაზე იმართებოდა.

ფესტივალის ორგანიზატორები კი აჭარის რადიოს ჟურნალისტები თეონა ზედანია და ილო სავიშვილი გახლდნენ. როგორც მათ გვითხრეს, ეს ადგილი იმიტომ შეირჩა, რომ ტექნიკურად შესაძლებელი ყოფილიყო საღამოების რადიოს პირდაპირ ეთერში გაშვება. ამით ხაზი გაესვა იმასაც, რომ საავტორო მუსიკის შემსრულებლებისთვის რადიო მუდამ იყო პირველი და მთავარი მხარდამჭერი, რადგან ადამიანები, რომლებიც საკუთარ მუსიკას ქმნიან, პირველად სწორედ რადიოში ჟღერდებიან. მათ ამ პროექტით ახალგაზრდა ავტორები მაყურებელს უფრო ახლოს წარუდგინეს და ერთდროულად მსმენელსაც მოასმენინეს.

ფესტივალში ადგილობრივი მუსიკოსები, ბენდები და ჯგუფები „მელომანიაკი“, „ბაბაჯანა“, „ტაბემონო“, „მუნლაითი“, „კაი“, ვაჟა თურუში, ირაკლი ფაღავა და სხვები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება პროგრამას, როგორც მისი სახელწოდება მიუთითებს, წარმოდგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ საავტორო მუსიკა. ეს ფესტივალიც იმას ემსახურება, რომ საავტორო მუსიკა და მისი შემქმნელები ფართო არენაზე გამოჩნდნენ.

ეს იყო ასეთი ტიპის პირველი ფესტივალი, რომელიც ორგანიზატორებმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გასამართი ფესტივალების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს.

როგორც თეონამ და ილიამ გვითხრეს, მიზანი საავტორო მუსიკის პოპულარიზაციაა, რადგან კონცერტებზე საავტორო მუსიკაზე მოთხოვნა არც თუ ისე დიდია და მის შემქმნელებს ასეთი მუსიკის ხშირად „თაროზე შემოდება“ უწევთ.

– სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები წარმოვაჩინოთ და სახელმწიფოს როლი განისაზღვროს ამ ხელშეწყობაში, გადაწყდა მსგავსი ტიპის ფესტივალის ჩატარება. ადგილობრივ ბენდებსა და შემსრულებლებს 40-45 წუთიანი დაკვრის საშუალება მიეცათ, – ამბობს თეონა.

ორგანიზატორების სურვილია, ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის გახდეს, დასაწყისისთვის კი ადგილობრივი ბენდებით შემოიფარგლნენ. როგორც ილია და თეონა ამბობენ, საავტორო მუსიკა ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელია:

– გვესმის, რომ კომერციული დაწესებულებები სხვა მუსიკას ითხოვენ, ისეთებს, რომლებიც ყურისთვის უფრო ნაცნობია, რათა მსმენელი სრულ კომფორტში ჰყავდეთ, მაგრამ მუსიკოსად ყალიბდები და შენს ცნობადობას განსაზღვრავს მხოლოდ საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდ, საავტორო მუსიკის ფესტივალები თითქმის არ იმართება, მით უმეტეს რეგიონებში არ არის ამის ფუფუნება. ამაში დიდია რადიოს როლი, რომლის მთავარი მიზანი ასეთი მუსიკოსების შემოქმედების ხელშეწყობაა. როცა მსოფლიო ჰიტი იწერება, ის პირველად რადიოთი ჟღერდება. ასევეა აჭარის რადიოშიც, რომელიც ადგილობრივ მუსიკოსებს განვითარებაში უწყობს ხელს. ამიტომ ეს ფესტივალი აჭარის რადიოს ეგიდითაც ტარდება. ის, რასაც საზოგადოება ქუჩაში ისმენს, პირდაპირ ეთერით გადაიცემა. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. ასეთი ფესტივალის გამართვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამიტომ სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. რომ არა სამინისტროს ხელშეწყობა, დამოუკიდებლად ფესტივალის ჩატარებას ვერ შევძლებდით. არაერთი კერძო სექტორიც თანამშრომლობს ჩვენთან და მათი როლიც უმნიშვნელოვანესია. ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა, დიდ მადლობას ვუხდით.